logo
ENG



"საქართველო ვერ იცხოვრებს პუტინის კანონებით!" - 15 აპრილის აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან

11 აპრ 202408:56
3 წუთის საკითხავი
clock 419
2024/04/11/npaaueh1gjkgfaw.jpg

15 აპრილს, პარლამენტთან ჩანიშნულ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ მსვლელობით სტუტენდები შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის.

როგორც ორგანიზტორები აცხადებენ, მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან, 12:00 საათზე დაიწყება.

"ხელისუფლების ავტოკრატიული ვნებებით გაცხადებული პოლიტიკა - საქართველოს ევროპული მომავლის განეიტრალება და ქვეყნის სრული რუსეთიზაცია, ფინალურ ფაზაში შედის. მოქალაქეების შეურაცხყოფის, მოტყუების, დამცირებისა და გადაგდების შედეგად 1 წლის თავზე ისევ უკან აბრუნებენ რუსულ კანონს, რომლის რეალური მიზანიც თავისუფალი საზოგადოების ტოტალური კონტროლი, მათი სტიგმატიზაცია და გაჩუმებაა, თავისუფალი ხმის ჩახშობა, დასავლეთის მტრულ ძალად შერაცხვა, რომელიც თითქოს საქართველოში ქვეყნისთვის საფრთხისშემცველ საქმიანობას აფინანსებს.

ცივილიზებული სამყაროსგან წამოსული არაერთი მკაცრი მოწოდების მიუხედავად, რეჟიმი შარშანდლისგან განსხვავებით, ზრახვების იმპლემენტაციით იმუქრება. ერთადერთი, ვინც ეს ქმედება ჯერ-ჯერობით შეაქო, პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვია.

ყველა საღად მოაზროვნე, თავმოყვარე და პასუხისმგებლიანი მოქალაქე იაზრებს, რომ ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის უფლებაც ხელისუფალს არ უნდა მისცეს. საქართველოს ევროპული მომავალი ის მონაპოვარია, რომლის ხელიდან გაშვებაც უპატიებელი დანაშაული იქნება ყველასთვის. საქართველო ვერ იცხოვრებს პუტინის კანონებით!

არ დავუშვებთ იმის სისრულეში მოყვანას, რაც პუტინის რუსეთში სწორედ ამგვარი კანონით დაიწყო 2012 წელს. რეალური აგენტების ვინაობა ყველამ იცის და საზოგადოება მათ საკუთარ ადგილს მიუჩენს! ერთი კაცის ბატონობა ამ ქვეყანაში ვერ გაფორმდება!

სწორედ ამიტომ, ისე, როგორც შარშან მარტში, ამჯერადაც (15 აპრილს) სტუდენტები ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის ეზოში შევიკრიბებით და ერთობლივი მსვლელობით შევუერთდებით პარლამენტში საქართველოს დეევროპიზაციისა და რუსეთიზაციის კომიტეტის სხდომის პარალელურად დაანონსებულ აქციას.

გელოდებით ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, რადგან ყოველთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში, სწორედ სტუდენტობა იყო ის ძალა, რომელიც გარდამტეხ როლს ასრულება ქვეყნის მომავლის დაცვის პროცესში! არ დავთმობთ თავისუფლებას! არ დავთმობთ ევროპულ მომავალს! საქართველო არ გახდება რუსეთი!", - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ორშაბათს, 15 აპრილს, პარლამენტში ქართული ოცნების რუსული კანონის განხილვის პარალელურად, 10 საათზე აქცია დაანონსდა.

 


close დახურვა